ლადო კახაძე: 5000 ინფიცირებული გვყავს და აცრა რატომ შეგვიმცირდა?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დაინტერესდა, რატომ შემცირდა კოვიდვაქცინით აცრის მაჩვენებლები.

„მოვისმინე, ჩინეთში კორონავირუსით 50 ადამიანი დაავადდა. 400 ათასი ადამიანი ჩადგა რიგში ასაცრელად. რიტორიკული კითხვა მაქვს, ჩვენ - 2000, 4000 5000 და აცრა შეგვიმცირდა? ამიტომ არ მაქვს უფლება, ყურადღება მოვადუნო. თავს არ ვუმტროთ, ყველას გთხოვთ, ყველა პირობაა შექმნილი, ყველანაირი ინფრასტრუქტურული მონაცემები მხარს გიჭერთ, და როცა ეს რესუსი მილევად რეჟიმში გადავა, უცებ წამოყოფენ თავს სამტროდ გამზადებული ენები ცხელი თავებით და იტყვიან, რომ აცრები ჩავარდა. ვაქცინების რესურსი არის და აიცერით. ჩვენ გვჭირდება მილიონი აცრა. მერწმუნეთ, შესაძლებლობა არსებობს, ჩვენი ქვეყანა, გავხადოთ უსაფრთხო მასპინძელი და ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანი უსაფრთხო სტუმარი ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე, არ უნდა ჩაიკეტოს ეკონომიკა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ცნობისთვის, 2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა.

31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.