ლევან იოსელიანი: 300 ლარიანი ხელფასი არის დასაქმებულების დაცინვა, მალე დავასახელებთ ასეთ კომპანიებს

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა, პარლამენტში კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების დაბალ ანაზღაურებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თვეში 300 ლარის ოდენობის ხელფასი რის დასაქმებულების დაცინვა.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იოსელიანმა აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, მოქალაქეები ამ საკითხზე საკნაონდებლო ინიციატივას ამზადებენ.

ახლა, როდესაც არჩევნები ჩავლილია, იმედია, ამ დარბაზში საუბარი გვექნება იმ პრობლემებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს; ხალხზე და ყველა იმ გაჭირვებაზე, რომელიც ხალხის ირგვლივ მთელი ამ წლების მანძილზე არის თავმოყრილი და ჩვენ ამ სივრცეს ვიყენებთ ყველაფრისთვის, გარდა იმისა, რომ ხალხზე და მათ პრობლემებზე ვილაპარაკოთ მინდა, ვისაუბროთ მომსახურეობის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე. სიახლე არ არის, რომ ამ ადამიანების გასამრჯელო არის უკიდურესად დაბალი, დაახლოებით, 300 ლარი. კომპანიების დამოკიდებულება კი ასეთია, თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, შეუძლიათ დატოვონ სამსახური. ჩაბრძანდით [დეპუტატებს] თქვენი ეზოს მაღაზიებში და ჰკითხეთ გამყიდველებს, რამდენი აქვთ ხელფასი.

ასეთი ველური დამოკიდებულება ბიზნესის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არსად არ არის. სომხეთში, აზერბაიჯანში ხელფასის მინიმალური ზღვარია დაწესებული, რომლის დაბლაც ხელფასის გადახდა არ შეიძლება.

მე არ ვარ მომხრე, ვიღაცას სახელმწიფომ რაღაც მოახვიოს ძალით თავზე, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა, ასეთი დამოკიდებულების გამო არის, რომ მერე „მწვანე ბარათზე“ 100 000-ზე მეტ ადამიანს შეაქვს განაცხადი და გაქცევა უნდათ ამ ქვეყნიდან. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მე დღეს არ ჩამოვთვლი იმ კომპანიებს, იმ ჯგუფებს, რომლებიც ასე ექცევიან საკუთარ სფეროში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ შემდგომში აუცილებლად დავასახელებ კონსულტანტებსაც, კომპანიებსაც და მათ მეპატრონეებსაც, რადგანაც ასეთი დამოკიდებულების გამოა, ამ ქვეყანაში გაჩერება რომ არ უნდა ხალხს და რომ გარბიან სამუშაოდ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია, გასაგებია, ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1,80 ლარის გადახდა, ეს არის დაცინვა, უბრალოდ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დეპუტატი ამბობს, რომ დღეს თავს შეიკავებს, თუმცა მომავალში აუცილებლად დაასახელებს ბიზნესებს და კომპანიებს, ვინც ასე იქცევა და დასაქმებულებს შეუსაბამო ხელფასს უხდის.

„უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი. სხვაგან 10-20 დოლარს უხდიან საათში ადამიანებს. მესმის, რომ ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ამდენი გადავუხადოთ, მაგრამ 1.80 ლარი არის დაცინვა. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები და მოგიწოდებთ, დავიცვათ ეს ადამიანები. ესენი არიან ძალიან დაჩაგრული ადამიანები და მათი უფლებები უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა