„ამ არჩევნებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ სტაბილურობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ამ ამოცანების შესრულების გარანტად სწორედ „ქართული ოცნება“ მიაჩნია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საოცარი განცხადებები მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან, თითქოს „არჩევნები არ არის ადამიანების ნების გამოხატულება, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია“. კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ მათი მთავარი მიზანი უახლოესი პერიოდის განმავლობაში იქნება მორიგი არეულობა და ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა.
მინდა მკაფიოდ განვუმარტო ყველას, ვისაც ეს არ ესმის, ან არ სურს გაიგოს, რომ არჩევნები სწორედაც რომ ხალხის ნების გამოხატულებაა, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზაა და ამას უნდა შეეგუონ. მოუწევთ შეგუება ამასთან. ვისაც ამ ჭეშმარიტების გათავისება უჭირს, მათ ასევე მკაფიოდ განვუმარტავ, რომ საქართველო დღეს შემდგარი სახელმწიფოა, ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებით და ყველას მოუწევს, დაემორჩილოს კანონს და ხალხის ნებას, რაც სწორედ არჩევნების გზით არის გამოხატული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.