თეთრი სახლის წარმომადგენელი: აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 70% კოვიდვაქცინით სრულად არის აცრილი

პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯეფრი ზიენტსის ცნობით, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 70% Covid ვაქცინით სრულად არის აცრილი, ხოლო 80%-ს პირველი დოზა აქვს მიღებული.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევით, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან სრულად იქნება რეალიზებული იმ პირობით, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას გასცემს მათ აცრაზე.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ ბავშვების ვაქცინაციისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზა შეიძინა.

აშშ-ს მთავრობამ ვაქცინის დამატებითი დოზები მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. თუცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაცია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მიიღებს.