ოპოზიციური ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“ სრულად იზიარებს მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლნიკაში გადაყვანის შესახებ, თუმცა, ბოიკოტს და მანდატზე უარის თქმას არასწორად მიიჩნევს.
ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ბრძოლის ველიდან გასვლის და გვერდზე გადგომის დრო არ არის“.
„ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც მკაფიო პოზიცია მე ჯერ არ მომისმენია. პირველი მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები. პირობა გაქვთ დადებული, ისევ როგორც ოპოზიციას აქვს პირობა დადებული, რომ ისინიც კენჭისყრაზე ამ დარბაზში შემოვლენ. ველოდები „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ ფრაქციასაც და თითოეულ დეპუტატს, ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი გარანტია და არა ერთადერთი არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით.
„გთხოვთ დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ ჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ. ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გასაკეთებელი და გადასადგმელი ეს ნაბიჯი, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოხლეს.
სადეპუტატო მანდატები დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს.
30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - „ნაციონალური მოძრაობიდან“. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს.