საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც მმართველ პარტიის წარმომადგენელს წეზოლაში ადანაშაულებდა, აცხადებს, რომ პოლიციამ გამოკითხა

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი, იზა ჩირგაძე, რომელმაც პირველ ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, მმართველი პარტიის წარმომადგენელს ხმების გაყალბების მიზნით ზეწოლაში დაადანაშაულა, ორდღიანი დუმილის შემდეგ, დღეს მედიასთან ისევ გააკეთა კომენტარი.

ის აცხადებს, რომ პოლიციამ 3 ნოემბერს გამოკითხა, მათი მხრიდან ზეწოლა, ან მუქარა არ ყოფილა. ამასთან, განმარტავს, რომ მის მიერ პირველ ნოემბერს ნათქვამი სიტყვები უკან არ მიაქვს.

„ფორმულასთან“ სატელევიზიო კომენტარში იზა ჩირგაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაზე საჯაროდ საუბრის შემდეგ შერაცხმყოფელ და სალანძღავ წერილებს იღებდა, რის შემდეგაც ტელეფონი გათიშა და სიტუაციას ოჯახთან ერთად გაერიდა.

„წაგვიყვანეს [პოლიციაში] იმისთვის, იყო თუ არა მშვიდობა დამუქრების მხრივ. დაკითხვის დროს იკითხეს ჩვეულებრივად, ვინმემ რაიმე ზეწოლა, ან რამე საფრთხეში ხომ არ ხარო. ტელეფონი გამორთული მქონდა, ფეისბუქიც. ვიდრე გამოვრთავდი ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო, ბევრი ლანძღვა იყო. მერჩივნა, ეს ყველაფერი წყნარ ვითარებაში დამთავრებულიყო.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ არ ამბობს, შეეშვან ლანძღვას, ყველამ მიხედოს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახის წევრებს. რაც იყო დავტოვოთ ისე, ყველამ ყველაფერი იცის, რა მოხდა. ზედმეტს არაფერს დავამატებ. ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც“, - ამბობს იზა ჩირგაძე.

ორი დღის წინ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მზადყოფნა გამოთქვა, დაეცვა იზა ჩირგაძის უფლებები.

ადვოკატი ანა ჩაფიძე ვარაუდობდა, რომ იზა ჩირგაძ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით, იზა ჩირგაძემ საცხოვრებელი სახლი ზეწოლის გამო დატოვა და მისი ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ არ უნდა კონტაქტი.

„ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის #90 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც პროფესიული ნიშნით არჩეული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს, 90-ე საარჩევნო უბანზე ის კომისიის რეგისტრატორი წევრი იყო, რა დროსაც შენიშნა სხვისი პირადობის მოწმობით მისული ამომრჩევლები, რომლებსაც ბიულეტენები არ გადასცა, რითაც აღკვეთა მათი არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობა.

მისი თქმით, ამის შემდეგ მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ 90-ე უბნის ამომრჩევლები, ბიულეტენების გადაცემას სთხოვდნენ.

იმავე დღეს, საღამოს „სამართლიან არჩევნებს“ იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა.

ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს 13:30 საათზე სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა, დღეს, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

პირველ ნოემბერს, ღამის საათებში, იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კლდიაშვილმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილით ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. სამართალდამცავებმა ის დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად“, - აღნიშნულია ISFED-ის ინფორმაციაში.

ბრალდებებს სპეკულაცია უწოდეს „ქართული ოცნებაში. შსს კომენტარს არ აკეთებს. Europetime-ს უწყებაში მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ იზა ჩირგაძე გამოიკითხა.

შეგახსენებთ, პირველ ნოემბერს, ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს, მეორე ტურის დღეს, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა და ხმის მიცემის მიზნით სიაში არარეგისტრირებული პირების გატარება სთხოვა. თუმცა ამის მიუხედავად, ჩირგაძემ, როგორც თავად ჰყვება, სიაში არარეგისტრირებული ორი ადამიანი უკან გააბრუნა, რომლებიც საარჩევნო უბანზე „სხვა პირადობით“ გამოცხადდნენ.

4 ნოემბერს, პარტია „ლელო - საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გენერალურ პროკურატურას ქუთაისის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩირგაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.

ნაცვლიშვილმა სარჩელის შეტანის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი როგორც საქართველოს მოქალაქის უფლება სამართლიან არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეილახა და მოითხოვს მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

ცნობისთვის, ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა 34 295 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ - 32 703. 2 396 ბიულეტენი გაბათილდა, რაც ამომრჩეველთა 3.42%-ია.