"დაახლოებით 7-ჯერ გაზრდილი ფქვილის იმპორტის გამო, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავებ, ფქვილის შენახვის ვადა მხოლოდ ორი თვეა, რაც მარაგების შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა. მარაგები კი კრიზისულ ვითარებაში ფასების კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია.
მათი თქმით, ფქვილის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით სახელწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის გამოქვეყნებას სექტორი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ელოდება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი, საქართველო დაუბრუნდება ხორბლის იმპორტიორი ქვეყნის სტატუსს თუ სრულად გადაერთვება ფქვილის იმპორტზე.
2021 წლის იანვარიდა ოქტომბრამდე, ქვეყანამ 16 430 ტონა ფქვილის იმპორტი განახორციელა, აქედან ძირითადი მარაგი, 15 801 ტონა რუსეთიდან შემოვიდა.
2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 282,866 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში, საქართველოშიც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ხორბალსა და ფქვილზე ფასებმა პიკურ ნიშნულს მიაღწია.
ფასების ზრდის მიზეზი ერთი მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გავლენა, მეორე მხრივ კი შემცირებული მოსავლიანობაა. საშუალო წლიური მოსავალი სხვა ქვეყნებთან ერთად შემცირდა რუსეთშიც, რომელიც საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორია და მეტწილად, ქვეყანაში ხორბლის საფასო პოლიტიკას განსაზღვრავს.