რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ყველა კოვიდპაციენტი აუცრელია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი არცერთი პაციენტი ვაქცინირებული არ არის.
„ინფექციის პრევენციის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად, 3-5 ათასი ვაქცინირებული, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტი.
ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით - 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ „იმედთან“.
2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა.
31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა.
ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.