ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპზე: ასე პანდემიას ვერ დავამარცხებთ

3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ყოველდღიურად ვაქცინირებულ ადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი რესურსი, მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „იმედთან“.

2 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %. სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%. პირველ ნოემბერს 3 369 ადამიანი აიცრა.

31 ოქტომბერს მხოლოდ 1 402 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 877. მანამდე კი 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 იყო.