რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
მომიტინგეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
"რუსთავის ციხესთან შევიკრიბეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით, ეს არის თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. 33-ე დღეა ეს ადამიანი შიმშილობს.საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩამოვიდა ქვეყანაში იმისთვის, რომ დაეხმაროს ქვეყანას და ივანიშვილმა გამოკეტა ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება", - განაცხადა აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსთავსა და ბათუმში აქციები პარალელურად მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკური ლიდერები ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.
როგორც აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მთელმა საქართველომ უნდა იბრძოლოს მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად.
„ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც ეს თავისუფლება შეზღუდული აქვთ, იქიდან გავათავისუფლებთ. ვინც ახლა გვებრძვის, საშინელებებს კადრულობდნენ, ფული ფულად, დაშინება დაშინებად, ძალადობა ძალადობად, მოსყიდვა მოსყიდვად, მუქარა მუქარად, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ მოიგეს არჩევნები. გაყალბებაც იმდენად გაუჭირდათ, რომ ბათუმში ერთპროცენტიანი სხვაობის დაწერაზე მეტი ვერ შეძლეს. ამიტომ, არ ჩათვალოთ მუქარად ბიძინა ივანიშვილო. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ შეიძლება, თქვენთან ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ საჭიროების შემთხვევაში. თქვენ ხართ დიქტატორი, ადამიანი, რომელიც აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ ამას ვეღარ გააგრძელებთ. არ მიყვარს თარიღების დაკიდება, არ ჟღერს ეს სერიოზულად, სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ და გაახარებს ამ ქვეყნის ბევრ ქომაგს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება ჰქონდა სააკაშვილთან
"შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო. ასე არ შეიძლება, ეს არ არის ქართველობა. მე გამოვედი, რომ ვიდგე თქვენს გვერდით, ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი, ამით ჩემს თავს ვუთხარი, რომ არანაირი უკან გადასადგმელი ნაბიჯი არ მექნება. არ ვიქნებოდი მართალი, გესაუბროთ მიტინგზე და შემდეგ პარლამენტის სავარძლიდან გესაუბროთ. მე ვიქნები თქვენთან ერთად მშვიდობიანად, მტკიცედ და ვიქნები, მანამ, ვიდრე ამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, ვიდრე არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ვიდრე ეს ბიჭები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, არ დაამთავრებენ შავ მენტალიტეტს საქართველოში. ძველი ბიჭების დრო უნდა დავამთავროთ", - განაცხადა აქციაზე ხაზარაძემ.
აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.