საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი გუშინდელთან შედარებით უფრო სუსტადაა.
მისი თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით სხვადასხვა ტესტები ჩაუტარდება.
„დღეს ცოტათი უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება. ციხის ექიმებთან ერთად ჩვენ ვთხოვეთ ექიმებს, რომ თუ შეიძლება კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ, არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. დასუსტებული იყო, წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში”, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33 დღეა შიმშილობს.
იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა ექიმთა კონსილიუმთან კომუნიკაციაზე უარი თქვა და მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა.