Reuters-ის ცნობით, ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები 31 ოქტომბერსაც გაუშვა. დაბომბვა, როგორც ახლა, მაშინაც დამასკოს ერთ-ერთი გარეუბნის მიმართულებით გახორციელდა.
31 ოქტომბერს სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა, რომ, ისრაელის სამიზნე ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ მოკავშირე დაჯგუფების იარაღის საწყობები გახდა.მათი განცხადებით, სარაკეტო შეტევის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაშავდა და რამდენიმე ობიექტი დაზიანდა.
ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა, სირიაში ირანის პოზიციების გაძლიერებას არ დაუშვებს.