მომდევნო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში, ბავშვთა უფლებებისთვის 2 მილიონი ევრო დაიხარჯება

საქართველოში ბავშვთა უფლებების დასაცავად ევროკავშირი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივ ინიციატივას იწყებენ.

როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სამწლიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემების ბავშვთა უფლებების დასაცავად შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

„პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის დაცული და მზრუნველი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფასა და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას. ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ხასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხება საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების საკითხებს. პროექტის მიზანია დაეხმაროს მთავრობას ახლახან მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში, მათ შორის, დაგეგმილი ღონისძიებების დეცენტრალიზაციაში, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების პატივისცემისა და დაცვის გაუმჯობესების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტს, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, განახორციელებს. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა.

„უკვე მრავალი წელია ევროკავშირი მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველში. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ახლახანს შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან საქართველოს ინსტიტუტების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც უკეთესი სერვისებით უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.

როგორც საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ხასან ხალილმა აღნიშნა, ევროკავშირის მალიდერია საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის.

„ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რომელსაც ბავშვთა დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს შეუწყობს კოდექსის მთავარი პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას, ბავშვების მზრუნველ ოჯახურ გარემოში ცხოვრებას და ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე წვდომას“, - განაცხადა ხასან ხალილმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინფორმაციაშია აღნიშნული,​ კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებს და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უმუშევრობა კიდევ უფრო ზრდის ოჯახებისა და ბავშვების დაუცველობას.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.

„ამას გარდა, პროექტი გააძლიერებს კანონმდებლობასა და პოლიტიკას, სპეციალური დაწესებულებების დახურვის ან რესტრუქტურიზაციის და ამ დაწესებულებებში განთავსებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით. პროექტი ასევე გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე, ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით. მის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნით, მოხდება პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. მართლმსაჯულების დარგში, პროექტის შედეგად დამატებით სპეციალიზაციას შეიძენენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს პროფესიონალები (პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები), დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის შესაბამისად, და ბავშვების ოჯახებიდან განცალკევების საქმეებზე მომუშავე პირები. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი და ბავშვების სარეაბილიტაციო სერვისები, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.