USAID-ის მისიის დირექტორი: განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირთან და NATO-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციას

60 წლის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ აშშ-ის საერთაშორიო განვითარების სააგენტო დააფუძნა. ამ დღესთან დაკავშირებით, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი საქართველოს მოსახლეობისათვის დღემდე გაწეულ მხარდაჭერასა და მომავალში პარტნიორობის გაღრმავების გეგმებზე საუბრობს.

„ჩვენი დაარსების დღიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ, ჩვენ ვართ აშშ-ის მთავრობის წამყვანი სააგენტო, რომელიც მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს ადამიანებს, თემებსა და საზოგადოებებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მხარს ვუჭერთ 1992 წლიდან. ხელს ვუწყობთ მოსახლეობას, შექმნან ძლიერი საზოგადოება, ანგარიშვალდებული დემოკრატია, ინკლუზიური ეკონომიკა. გარდა ამისა, 2022 წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ, რაც დაკავშირებულია აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან.

მათ შორისაა, ენერგოსისტემა, რომელიც სითბოსა და ელექტროენერგიას აწვდის მოსახლეობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარება, როგორიცაა ტუბერკულოზი, ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების განხორციელება, რომლებიც დააჩქარებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სხვა. ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს მომავალზე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა მიაღწიოს იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირთან და NATO-სთან უფრო ღრმა ინტეგრაცია.

ვაგრძელებთ დღეს არსებული გამოწვევების გადალახვისთვის საჭირო მხარდაჭერას, როგორიცაა კორონავირუსი, კიბერშეტევა, ანგარიშვალდებული დემოკრატიის საჭიროება. მზად ვართ, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოს მოსახლეობასთან და ხელი შევუწყოთ მათ მომავალი გამოწვევების გადალახვაში“, - აღნიშნავს პიტერ ვიბლერი ვიდეომიმართვაში.