თამარ გაბუნია: ეპიდსურათი უკიდურესად რთულია

„ეპიდსურათი უკიდურესად მძიმეა და ამ ვითარებაში კლინიკური ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსჯელობა გაიმართა, როგორ მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანას გერმანიამ რამდენიმე დღის წინ გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, Roche-ს წარმოების კოვიდის საწინააღმდეგო წამლები გამოიყენება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, რომლებსაც დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, 65 წელს გადაცილებული, თანხმლები დაავადების მქონეები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და ასე შემდეგ. ამ პრეპერატს კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკები მიიღებენ, ამასთან, გაწერილია მოხმარების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანამ მონოკლონური ანტისხეულები ასევე მიიღო აშშ-სგან და ის შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის გამოიყენება, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და ის გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც კოვიდსტასტუმროში ან ბინაზე მკურნალობენ.