ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: თუ ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზრდება საველე ჰოსპიტლების საჭიროება გაჩნდება, ამ ეტაპზე საჭირო არაა

„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტლები საჭირო არ არის, მაგრამ ციფრები კიდევ თუ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ მედიასთან განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა და დასძენს რომ ამას ხელი შეუწყო ხალხმრავალმა შეკრებებმა.

„10 000 და 50 000 ადამიანის შეკრება არის ინფიცირების პროვოცირების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,ვითარება სტაბილური იყო, ახლა ისევ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და კიდევ გაიზრდება. პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რეალურად, ამან ხელი შეუწყო. ეს უკვე უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ პაციენტები და სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიმძიმდება სიტუაცია. პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ამიტომ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება, რადგან პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან. ექიმებსაც აქვთ ადამიანური რესურსის გარკვეული ზღვარი, დღეს კიდევ ამ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის ასეთი ტემპით ქვეყანა ვერ მიაღწევს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზანს.

„მომართვიანობა ძალიან დაბალია, ჩემი პირადი მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, ამას დავარქვა ნულოვანი ზღვარი, რადგან რაოდენობა, რომელიც არის, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც გამოაქვეყნა საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ. ამას ყველა ადასტურებს. რაოდენობრივად რომ წავიკითხავთ ციფრს, ვითომ თვალში ხვდება, რომ მაღალია, მაგრამ იქ არის ორჯერადი, ერთჯერადი აცრა. ასევე არის რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ბუსტერთან დაკავშირებით გამოთქვამენ სურვილს. თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით“, – განაცხადა ტაბიძემ.