ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, მოსახლეობას კორონავირუსისგან გენოციდი ემუქრება

"თუ ვაქცინაცია არ ჩატარდა და არ მოხდა დაგეგმილი რეგულაციების კონტროლი, ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს. დღეს მოსახლეობას ემუქრება კორონავირუსისგან გენოციდი, კორონა გენოციდი, ეს მე ვახსენე ზუსტად ერთი წლის წინ და დღეს კიდევ ეს ყველაფერი გამოვლინდა. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ორი წლის თავზე შეცვლილიყო ვითარება, ისევ გენოციდის წინაშე დავდექით", - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა დევი ტაბიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დევი ტაბიძის თქმით, არ შეიძლება, მოსახლეობას აიძულო აიცრა, მაგრამ ამავე დროს უნდა გატარდეს თუნდაც გარკვეული იძულებების ღონისძიებები, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

„არსებობს იურიდიული ნაწილი, არაფრით არ შეიძლება, ვაიძულოთ მოსახლეობა, მაგრამ მეორე ნაწილი რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მოდით, ეს უზენაესი დავიცვათ, რომ ადამინები იყვნენ ჯანმრთელები. გავატაროთ თუნდაც გარკვეული იძულებების ღონისძიებები, რომლითაც ადამიანებს გადავარჩენთ. უნდა შედგეს რეალური სია, ჩამონათვალი იმ სპეციალობების, სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც ხშირად უწევთ სოციალური ურთიერთობები. ასეთი პიროვნებები, პირველ რიგში კი ექიმები ვალდებულები არიან, იყვნენ აცრილები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მხოლოდ 3 868 ადამიანი აიცრა.