რა შემთხვევაში შეუძლიათ ადამიანებს კოვიდვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრან.

მისივე თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, მეორე აცრიდან 6 თვეა გასული.

„ბუსტერთან“ დაკავშირებით ახლა ასეთი რეგულაცია არსებობს 50 წლის გადაცილებულებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მომატებული რისკი, თუ ისინი დაინფიცირდებიან კოვიდინფექციით, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, თუ მათი მეორე აცრიდან უკვე 6 თვეა გასული.

ანუ, 6 თვის თავზე შეუძლიათ, მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე „ბუსტერ“ დოზა „ფაიზერით“. თუ ადამიანი აცრილია 2 დოზა „ფაიზერით“, მას შეუძლია, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ „ფაიზერის“ მესამე აცრა გაიკეთოს, თუ აცრილია 2 დოზა „სინოფარმით“, 6 თვის შემდეგ შეუძლია, გაიკეთოს „სინოფარმის“ მესამე დოზა ან გაიკეთოს „ფაიზერის“ მესამე დოზა, თუკი, მას „ფაიზერის“ დოზის გაკეთება ურჩევნია. „სინოვაკის“ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სქემაა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.