პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, ამიტომ საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენი დადგება.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, სისხლის სამართლის 11 საქმიდან, სისხლის სამართლის 5 საქმეზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.
“საქართველოში მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან, სისხლის სამართლის 5 საქმეზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე ის, მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პატიმართა წამების ფაქტებზე. მიმდინარე 6 სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთი იყო საქმე, რომლის პროცესიც გაიმართა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში 3 პატიმრის წამების ფაქტს ეხება.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ წარადგინა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით”, - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.
ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.