BBC დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყების თემას ეხმიანება და წერს, რომ პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ კინანია.
გამოცემის ცნობით, მარგარეტ კინანს ვაქცინაცია კოვენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილობრივი დროით 06:30 საათზე ჩაუტარდა.
მარგარეტი მადლობას უხდის ყველას, ვინც მასზე ზრუნავდა და მოუწოდებს ადამიანებს, აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა.
„ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას იკეთებს. ეს ყველაზე კარგი ნაადრევად მიღებული დაბადების დღის საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა მესურვა, რადგან თითქმის ერთწლიანი მარტოობის შემდეგ, ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას შევძლებ. ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.
Pfizer/BioNTech-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია.