პრეზიდენტი რისკჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.

პრეზიდენტის თქმით, ეწინააღმდეგება და მეტიც, მიუღებლად მიაჩნია, რომ ქვეყანა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას დაუბრუნდეს.

„მომსწრეები ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, სახელმწიფო, პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც, მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. ეს პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.

ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად დავძლიოთ ეს პანდემია.

მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იყოს მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიას, რათა გადაცემები გახშირდეს ამ მიმართულებით. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.