საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელ საბჭოზე მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
„მწვანე საშვზე" ვმსჯელობდით. ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ბიზნესაქტივობებეზე ზემოქმედების კუთხით, ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.
პრეზიდენტის თქმით, ეწინააღმდეგება და მეტიც, მიუღებლად მიაჩნია, რომ ქვეყანა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას დაუბრუნდეს.