საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული. პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.
სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევენ. პროცედურით, საკანონმდებლო ორგანო თავდაპირველად აირჩევს – პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. შემდეგ კი, მოხდება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება ელექტრონული სისტემით, საჭიროების შემთხვევაში კი, ბიულეტენებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი.
ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.