"ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კი, უკიდურესად საყურადღებო", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რამდენიმე დიდი ქალაქი 10 -15%-ით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს, მათ შორის არის თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.
„ეპიდემიური მდგომარეობა რთულია. 5000-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული გასული 24 საათის განმავლობაში. გარდაცვალების რაოდენობამ გადააჭარბა 50-ს, რაც უკიდურესად საყურადღებოა. ჰოსპიტალში მობილიზებულია 8871 საწოლი, აქედან დაკავებულია 6648, მათ შორის, 1640 პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 338 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამასთან, ფუნქციონირებს კოვიდსასტუმროები და 45 ათასამდე პაციენტი იმყოფება ბინაზე ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა გაბუნიამ.