თბილისში 50%-ია აცრილი, აჭარაში - 45%-ზე მეტი

ე.წ. ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე. მისი თქმით, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ.

ის მომხრეა, რომ აცრებთან დაკავშირებით ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარდაკარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არა ერთი ან ორი კვირა, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოცვის მაჩვენებელია. სამ რეგიონი კი ახლოს არის 60%-იან მაჩვენებელთან, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 50%-ია აცრილი, აჭარაში - 45%-ზე მეტი. ამასთან, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, შედარებით პატარა რეგიონში 45%-ის ფარგლებშია აცრა. გარდა ამისა, იმისთვის, რომ 60%-იანი მოცვა სწრაფად გავრცელდეს, შეირჩა ორი მუნიციპალიტეტი - გურჯაანი და ოზურგეთი.

„ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის. აქ ჩემს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, სამწუხაროდ, ისინი აკეთებენ ბავშვთა აცრებს [გეგმური], მაგრამ არ ცრიან მოზრდილებს კოვიდზე. ისინი რამდენჯერმე გადამზადდნენ, მაგრამ შიში აქვთ და ეს შიშის სინდრომი უნდა მოიხსნას.

მე-5 ტალღაა, დღესაც კორონავირუსის 4 000 ახალი შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ, უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებას. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ, ახლა ცოტა დაიკლებს, შემდეგ ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ, გვექნება ყოველდღიურად ასეთი ცუდი გამოსავალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.