დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა, რასაც ჯანდაცვის მდივანმა ისტორიული მოვლენა უწოდა. გაერთიანებულ სამეფოში ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, კოვიდპაციენტებს ამ წამლით სახლში უმკურნალონ. ამის შესახებ BBC იუწყება.
„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან დიდი ბრიტანეთი ახლა პირველია მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული საშუალება, რომელიც შეიძლება, სახლში მიიღოთ კორონავირუსის სამკურნალოდ“, - განაცხადა საჯიდ ჯავიდმა.
ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. FDA-ს მიერ მხარდაჭერილი ყველა სხვა სამკურნალო საშუალება წვეთოვანი გზით მიიღება ან ინექციას მოითხოვს.
დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და ჭარბწონიანობა - ამ კატეგორიაში ცდებმა, რომელშიც 762 აუცრელი პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენეს, რომ აბის მიღების შემდეგ, დამატებითი მკურნალობა აღარ იყო საჭირო, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობა კი 50%-ით შემცირდა. 14%-მა პროცენტმა პრეპარატის ნაცვლად, პლაცებო მიიღო, მათგან 8 გარდაიცვალა, ხოლო არავინ გარდაცვლილა მათ შორის, ვინც კაფსულა მიიღო.
Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. FDA-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოლოდინში, Merck-მა უკვე დაიწყო პრეპარატის წარმოება.
ამავე თემაზე:
COVID19-ის სამკურნალო წამალი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი ხდება