კახა კალაძე: ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არავის უხარია

"არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რა არის ამაში სასიხარულო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ აქვს გაჟღერებული. როდესაც ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები გაანადგურა - ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგწონდათ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა“, - განაცხადა კალაძემ.