პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინას გადასცემს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.
Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.
ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია Biontech-თან ერთად შექმნა.
Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
გარდა ამისა, ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა. ტვირთის გადაცემას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.