აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, ვაშინგტონში აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას გამართავენ.
ნედ პრაისის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი უკრაინა-აშშ-ის ურთიერთობებში, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურება.
„შეხვედრები იქნება „შესაძლებლობა, დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ შორის რუსული აგრესიის ფონზე“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
დღეს დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ.
მინისტრის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია პრაქტიკული დოკუმენტი იქნება, რომელიც უკრაინისა და შეერთებული შტატების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს მოიცავს, გააძლიერებს ერთიანობას რუსული აგრესიის ფონზე და ორმხრივ ურთიერთობებში ახალ სფეროებს მოიცავს.
"სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპისთვის ვაშინგტონის მზადყოფნა უკრაინისადმი ნდობაზე მიუთითებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.