დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა საავადმყოფოს ევალება, ჰოპიტალიზებულ პაციენტს, რომელსაც აქვს ცხელება ან სხვა რესპირაციული სიმტომები, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდეს.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ პროგრამაში 140-მდე ამბულატორიული დაწესებულებაა ჩართული.
გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, იმ შემთხვვეაში, თუ ტესტირებასთან დაკავშირებით რამე ცალკეული გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ.
„მთავრობის დადგენილებით, ყველა საავდმყოფოს ევალება, რომ სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, იქნება ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით, თუ ნებისმიერი სხვა დიაგნოზით, მას ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაუტარდეს. დღეში დაახლოებით ჰოსპიტალიზაცია არის 1000-1 500 და ყველა საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ეს ტესტი წესით და რიგით, გატანილი უნდა ჰქონდეს ყველა საავადმყოფოს. რაც შეეხება ამბულატორიულ ქსელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 140-მდე ამბულატორიულმა დაწესებულებამ სურვილი გამოთქვა ამ პროგრამაში მონაწილეობის. თითოეულთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის დეპარტამენტს აქვს დარეკილი და მათთან გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს ხომ უფასო არ არის, სახელმწიფო ამ ტესტს აძლევს და ასევე მომსახურებაში, ანუ ტესტის ჩატარებაში უხდის შესაბამის თანხას. ამიტომ, ისინი, ვინც ჩართული არიან, ვალდებულება აქვთ, ტესტი გააკეთონ და მათ ტესტები გატანილი აქვთ. თუ რამე გაუგებრობა არის, ვთხოვ მოსახლეობას, დააფიქსირონ ეს ჩვენს ცხელ ხაზზე - 116 001-ზე, დატოვონ თავიანთი ტელეფონის ნომერი. ვინც არის სიაში შეყვანილი და მას არ ემსახურებიან, ამ ცალკეულ შემთხვევებს მოუგვარებენ, მაგრამ ეს გლობალურად არ უნდა იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.