ივანე ჩხაიძე: დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება

"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ინფიცირების შემთხვევების შემცირების დამაიმედებელი ტენდენცია არ ჩანს.

„სხვადასხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მოიმატებს. სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი მატულობს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.