აშშ-ის ელჩმა ეპიდსიტუაცია და მწვანე საშვების ამოქმედების საკითხი ჯანდაცვის მინისტრთან განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ამ კუთხით ბიზნესის აქტივაცია და ასევე მწვანე საშვების საკითხი იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მწვანე საშვის ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაწილში.

„აშშ-ის ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაციის პროცესი და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდპანდემიის მართვის სასარგებლოდ.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება, ვინაიდან 40 000 მოქალაქეზე მეტი მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ მათი გადაადგილება გაკონტროლდეს, რითიც ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ.