ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მწვანე საშვის ამოქმედება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როგორც ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ასევე მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აშშ-ის ელჩთან ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, განვიხილეთ ვაქცინაციის პროცესი და არსებული გამოწვევები. მისგან მოვისმინეთ რეკომენდაციები, თუ როგორ წარიმართა პროცესი აშშ-ში, რა ეტაპები გაიარა მწვანე საშვის ამოქმედებამ, რა რეზისტენტობა იყო, როგორც ბიზნესის ასევე მოქალაქეების მხრიდან, თუ როგორ შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოშიც შემოღებული იყოს ეს პასპორტი კოვიდპანდემიის მართვის სასარგებლოდ.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება, ვინაიდან 40 000-ს მოქალაქეზე მეტი მოქალაქე მკურნალობს ბინაზე და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ მათი გადაადგილება გაკონტროლდეს, რითიც ეს დაიცავს სხვა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ოფისის დირექტორი ჩარლზ ვიტეკი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვებლერი ესწრებოდნენ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.