მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მედიას ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ #12 დაწესებულიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა.
„ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ წინ.
ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარ კოალიციას და იმას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას.
ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს. ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ ჯერ მოაწყო აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისკენ. რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ბევრ ადგილას ერთდროულად?- იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა, განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ თვითმმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა ის ერთი დღე უნდა აჩუქონ საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.
ახლა მთავარია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც, რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია და რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის შიმშილობის მონაწილეებს.
გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით. მასაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.
კიდევ ერთხელ, მეგობრებო, შაბათის აქციაზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას. აქციების მოთხოვნაა - რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არცერთი ეს არ არის თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა; ქართველების საქართველოდან მასობრივი გადინება; ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი; კორუფცია; თქვენს ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელის ჩაყოფა; სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ცნობისთვის, 4 ნოემბერს, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა.
რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.