ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთისთვის $650 მილიონის ღირებულების იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა.
პენტაგონის განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას მომავალ საფრთხეებთან გამკლავებაში. მედიის ცნობით, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან პირველი მასშტაბური შეთანხმებაა სპარსეთის ყურის ქვეყნისთვის იარაღის გადასაცემად.
იარაღის მიყიდვაზე შეთანხმება კონგრესის თანხმობას არ საჭიროებს, მაგრამ კანონმდებლებს შეუძლიათ მისი დაბლოკვა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.
უცხოური მედია იხსენებს, რომ დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რამდენიმე ორპარტიულ რეზოლუციას, რომლითაც საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის დაბლოკვას და იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ომისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტას ცდილობდნენ.