მეგის ქარდავა სისხლის სამართლის ახალი საქმის ფარგლებში, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა ახალი საქმის ფარგლებში გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავას ადვოკატმა გია გოროზიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

ადვოკატი განმარტავს, რომ მეგის ქარდავა საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს.

„საგამოძიებო უწყებიდან მასთან შეხვედრა უკავშირდება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, კონკრეტული დეტალიზაცია ჩემთვის უცნობია, ეს გახლავთ, როცა მეგის ქარდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ჩვენ პოზიცია გახლავთ ის, რომ საგამოძიებო უწყებას არ ვენდობით, მათთან გულწრფელი ვერ ვიქნებით, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებას ჩვენებას არ მივცემთ. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დევნას, კონვენციის დათქმა არის ასეთი - იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საქართველოშია გადმოცემული, შეუძლებელია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს.

ზოგადი ინფორმაცია მაქვს საგამოძიებო უწყებიდან, ეს ეხება სისხლის სამართლის 333-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დაზარალებული ვინ არის, ვერ გეტყვით, თუმცა, ახალი სისხლის სამართლის საქმეა.

ვფიქრობ, ეს აბსურდული საქმეა, რადგან გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგის ქარდავა საქართველოში ჩამოიყვანეს. მეგის ქარდავა საგამოძიებო უწყებას სრულ უნდობლობას უცხადებს, ყველა ბრალდება, რომელიც მის მიმართ წარმოებულია და განაჩენია დამდგარი, აბსურდული, უკანონოა", - განაცხადა გია გოროზიამ.

ამავე თემაზე

მეგის ქარდავა: არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ