დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, კონკრეტული შეჯერებული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი.
„მე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ. განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისადმი, როგორებიც არიან ჩემი კოლეგები და პედაგოგები. მაგრამ აქ არის ბევრი სხვა ფაქტორიც, რომელიც გასათავლისწინებელია და შეჯერებული გადაწყვეტილება ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ „რუსთავი2“-თან.
მისი თქმით, საუბარია მწვანე პასპორტებზე, რიმლებიც აპრობირებული მეთოდია ევროპის ბევრ ქვეყანაში.
შეგახსენებთ, საქართველო „მწვანე საშვების“ მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს. დღეს ეს თემა ამერიკის ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან განიხილა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გასაზრდელად ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის ხაზი გაუსვა მწვანე პასპორტების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს მექანიზმი ამერიკის ბევრ შტატშია წარმატებული. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ ასე იქნება საქართველოშიც.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.