აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კოლინ პაუელის ხსოვნას პატივი მიაგეს

აშშ-ის პირველი აფროამერიელი სახელმწიფო მდივანი (2001-2005), ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კოლინ პაუელი დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდს ჯო ბაიდენი და ამერიკის 41-ე და 44-ე პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაესწრნენ. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა მისი შვილი მაიკ პაუელი და მამას სამაგალითო ადამიანი უწოდა.

„ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ კარგი ადამიანები, მამამ ამის მაგალითი აჩვენა“.

შეკრებილების წინაშე ასევე გამოვიდა სიტყვით კოლინ პაუელის წინამორბედი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი, რომელსაც ეს თანამდებობა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ეკავა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი იდეების განსხვავებებისა, მათ შეძლეს და ახლო მეგობრები გახდნენ.

„ამის მიზეზი ის არის, რომ მეომარი სახელმწიფო მოღვაწის უკან ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, კეთილი და წესიერი ადამიანი იდგა, ვისაც რომელიმე ჩვენგანი ოდესმე შეხვედრია“, - განაცხადა ოლბრაიტმა.

ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული იყო, ღვთისმსახურებაზე შეიკრიბნენ ყოფილი პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, ახლობლები და მეგობრები.

CNN-ის ცნობით, საკათედრო ტაძარში დამსწრეთა, მათ შორის ვაშინგტონის უმაღლესი ოფიციალური პირების და საჯარო მოხელეების ჯანმრთელობის დასაცავად უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.

კოლინ პაუელი იყო პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში (1987-1989) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი (1989-1993).

კოლინ პაუელი 18 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში Covid19-ის გართულებების გამო გარდაიცვალა. მას სხვადასხვა თანმხლები დაავადება ჰქონდა.