„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, „ფეიკ“ შიმშილობა მოსალოდნელი იყო და „გასაკვირი არ არის“.
„კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა! მათგან, ვისი ფასადური „აღმშენებლობაც“ ისეთივე სიყალბე იყო, როგორც მათი ტელევიზიების დღევანდელი „ნიუსების“ 99%! მათგან, ვინც ძალაუფლების შენარჩუნებას და გამყარებას ტოტალური შიშის დანერგვით, ბიზნესის მასიურად წართმევით, მედიის ჩახშობა/მისაკუთრებით და ერთ ხმაში საუბრით, პატიმრების წამებით, ადამიანების ღირსების განადგურებით, მკვლელობებით.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“, - წერს მამუკა მდინარაძე.
თავის მხრივ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. წერილის მიხედვით, ინფორმაცია, რომლის მიღებასაც მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს, მოიცავს როგორც მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, რომლითაც ის საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ასევე მისთვის საპატიმროში შექმნილ პირობებსა და შიმშილობიდან გამომდინარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებს
ცნობისთვის, 4 ნოემბერს, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა.
რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
ამავე თემაზე: