ბილ გეიტსი: პანდემიისთვის ვაქცინის სახით ერთი ინსტრუმენტი შევქმენით, კლიმატის ცვლილებების შესანელებლად კი, უთვალავი ინსტრუმენტია საჭირო

კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა როდესმე ყოფილა. წლიდან წლამდე ნახშირორჟანგის ემისიების გამო კლიმატი თბება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ეკვატორის მახლობლად ფერმერობა და მშენებლობა შეუძლებელი გახდება. ტროპიკულ ზონებში მცხოვრები ხალხისთვის ეს სერიოზული დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ცნობილი ამერიკელი ფილანტროპი ბილ გეიტსი აცხადებს.

„ორი რამ უნდა ვქნათ: შევწყვიტოთ ემისიების ატმოსფეროში გამოყოფა და არსებობს კიდეც ამის ამბიციური სამიზნე - 2050 წელი. პარალელურად, უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს ამინდის ცვალებადობასთან ადაპტაციაში, მაგალითად - მივცეთ ისეთი თესლი, რომელიც ცხელ ტემპერატურას გაუძლებს. იმასთან შედარებით, რა გეგმებიც 6 წლის წინ პარიზში ყოფნისას დავსახეთ, წელს გაცილებით დიდი და ფართო პროგრამებია, მეტი საქმე გვაქვს.

დიდი განაცხადი გავაკეთეთ, ვმონაწილეობთ ინოვაციების ადაპტაციის დიდ პროგრამაში, რომელიც მცირე ზომის ფერმების დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრი ქვეყანაა ჩართული, რესურსების გამოყოფის პირობა პრეზიდენტმა ბაიდენმაც დადო. მომდევნო 3 წლის მანძილზე 350 მილიონ დოლარს გადავცემთ თესლის კონსორციუმს, სახელად „სი-ჯი სისტემა“. ის თესლებით სხვადასხვა ქვეყნებს მოამარაგებს. ჩვენი მიზანია ისეთი თესლი გამოვიყვანოთ, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამოწვევების ფონზე, გაცილებით პროდუქტიული იქნება და მეტ მოსავალს მოგვცემს.

ჯამში, ამ მიმართულებით წინასწარი დაპირებები მილიარდ დოლარას აღწევს. ამით ასობით მილიონი წვრილი მეწარმე ისარგებლებს. ეს [გლაზგოს კონფერენციის] ინოვაციების ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იქნება, რომელიც სავარადუდ სათანადო ყურადღების გარეშე დარჩება“, - აცხადებს ბილ გეიტსი.

როგორ შეიძლება ინდივიდუალური წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების გლობალური პრობლემის დაძლევაში, მისი აზრით, ინდივიდუალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩართულობაც. ეს ისეთი დონის პრობლემაა, რომელიც ითხოვს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან ქმედებას.

„კლიმატური ცვლილებების დრამატული პრობლემის დაძლევის საქმეში, მოკლევადიანი მცირე მსხვერპლიც კი იძლევა გრძელვადიან შედეგს. ამიტომ, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მათ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლავე თუ არ დავიწყეთ, არაფერი გამოვა. ეს გაცილებით რთული პრობლემაა, ვიდრე პანდემია. ერთი ინსტრუმენტი შევქმენით პანდემიისთვის ვაქცინის სახით და პრობლემის გადაჭრის შანსი გვაქვს. კლიმატური ცვლილებების შესანელებლად კი უთვალავი ინსტრუმენტია საჭირო“, - აღნიშნავს გეიტსი.

უცოდინრობის ბრალია ეს თუ არა, ჯერ კიდევ ბევრს არ სჯერა კლიმატური ცვლილებების. რას ეტყოდით მათ? ჟურნალისტმა ბილ გეიტსს ამ შეკითხვით მიმართა.

„სამწუხაროდ, მტკიცებულებები თანდათან ძლიერდება. ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩემი ბოლო 6 წლის გამოცდილებით, ჩვენ ისევ ინოვაციების წახალისებასთან მივდივართ. ბევრი ახალი კომპანია დავაფინანსეთ და შემდეგი 5 წელიც ახალი იდეები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ, არამარტო მდიდარ ქვეყნებში, არამედ განვითარებად სამყაროშიც, მათ შორის-აფრიკაში“, - უპასუხა ამერიკელმა ფილანტროპმა.