სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია. მის კომენტარს თავად უწყება ავრცელებს.

„რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.

„გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი, მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს კი მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.