საქართველოში 12 წლის ბავშვების ვაქცინაციაც დაიწყება და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი2-თან“ განაცხადა.
საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ.
„საბედნიეროდ, ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჯერჯერობით, არ წარმოქმნილა ისეთი ვარიანტები, რომლებიც მძიმე შედეგებს მოიტანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პირველი პრიორიტეტია ის ავცრათ, ვინც სასიკვდილო რისკის ქვეშ არის.
რა თქმა უნდა, ბავშვებში ჩვენ 12 წლიდან ვაქცინაციას დავიწყებთ. კი, მათ შორის, მათი, ვისაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ეს საკითხი ექსპერტთა საბჭომ განიხილა და გადაწყვეტილია. ახლა ველოდებით, რომ შეიკრიბება იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ალბათ, ეს დღეების ამბავია. ასე რომ, ეს ვაქცინაცია, ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დაიწყება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
თავის მხრივ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების აცრა მათი ჯანმრთელობის სტატუსის მიხედავად გახდეს შესაძლებელი.
„დღემდე, 12-დან 15 წლამდე ასაკის, მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ბავშვების აცრაა შესაძლებელი. ეს ბავშვები არიან თანდაყოლილი პათოლოგიებით, ქრონიკული დაავადებებით. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაციის ჩატარება.
სავარაუდოდ, ვაქცინაციის საბჭო შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს ამ საკითხზე, და შესაძლებელია, დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ამ ასაკში, ინფიცირების რისკი უფრო მეტია, ვგულისხმობ „დელტა“ შტამით გამოწვეულ ინფიცირებას, ვინაიდან კორონავირუსის ეს მუტაცია უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებში და მეტად საშიშია ორიგინალ, ჩინურ ვარიანტთან შედარებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჯერ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე 12 წელს გადაცილებული მოზარდები იცრებიან.