რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო.

აქციაზე მყოფი მოქალაქეები ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ოპოზიციონერი ლიდერები.

აქციას წინ უძღოდა პენიტენციური სამსახურის მიერ იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალის გასაჯაროება, რომელიც უწყების ცნობით, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მასალას თან ახლავს ვიდეომასალაც.

ცნობისთვის, რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.