ნიკა მელია: ხელისუფლებას 24-საათიან ვადას ვაძლევთ

ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ მიხეილ სააკაშვილისამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

ნიკა მელიას განცხადებით, "თუ ხელისუფლებაში ვინმეს საღი აზრი აქვს შერჩენილი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ".

„ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. 24 საათი აქვს ბიძინა ივანიშვილს დრო იმისთვის, რომ თუ რაიმე საღი აზრის მარცვალი აქვს ხელისუფლებაში ვინმეს შერჩენილი, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს.

„თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება.

დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.