რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას ორი პირი დააკავეს. მოქალაქის დაკავებას სამართალდამცავებსა და დანარჩენ აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს.

„თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება.

დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ დღეს, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის დროს.