სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
„ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. პენიტენციური სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა”, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
„თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, - ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმების გარემოცვაში გადაღებული კადრები, რომელიც უწყების ცნობით, „მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს“ ასახავს.
სახალხო დამცველის ცნობით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, იღებდა მცირე ოდენობით წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ომბუდსმენის ცნობით, ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.