„მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ მედიასთან.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი.
„მოხდა დაკავშირება ჩვენს ცხელ ხაზთან, ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ პატიმარს ჰქონდა ჩვენი ნახვის სურვილი გარკვეული ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, იგი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი რაც მიიღო, ექიმების თხოვნით მიიღო როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი. ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან რამდენიმე მილიგრამის სახით მიიღო, მას ექიმებმა სთხოვეს, როგორც მედიკამენტის ალტერნატიული საშუალება.
„როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამგვარი დანამატი, როგორც ალტერნატივა ერთ-ერთი პრეპარატის. ის ასევე საუბრობს, რომ შემოთავაზება უფრო მეტი იყო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, ესეც მცირე ულუფით და ერთეულ შემთხვევებში დათანხმდა. ჩვენ სამედიცინო ჩანაწერები რაც გადავამოწმეთ, ეს მართლაც დასტურდება, ერთეულ და მილიგრამ შემთხვევეზე იყო საუბარი ამ დანამატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 ნოემბერს ვიდეოკადრები გაავრცელა.