ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა

„რთულია სიკვდილიანობაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა, რადგან 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფია სამედიცინო დაწესებულებებში და 300-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ვინც საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები, განსაკუთრებით კი რეანიმაციაში, მათი უმრავლესობა არის აუცრელი.

„მარათონმა გარკვეული შედეგი მოიტანა, 3500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. მოიტანა ისიც, რომ გარკვეულად ოდნავ უნდობლობის ყინული გალღვა სოფლის მოსახლეობაში. ახლა იგეგმება მარათონის ოდნავი სახეცვლილება. უფრო მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება 10 დიდ ქალაქში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნება სამ რეგიონზე, სადაც 60 %-ანი მოცვის ნიშნულთან ახლოს ვართ – ეს არის თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი. ასევე იქნება ორი მუნიციპალიტეტი შერჩეული, სადაც გვინდა, რომ სწრაფად ავიდეთ 60 %-ზე, ეს არის ოზურგეთი და გურჯაანი. აქ იქნება უფრო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 3 500-ზე მეტი ადამიანი აიცრა.