გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი საქართველოცაა.
დოკუმენტს 63-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 17-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 62-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ნახევარკუნძულიდან და შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ყირიმის ანექსია შეიარაღებაზე კონტროლის მხრივ შექმნილ ვითარებას ძირს უთხრის.
„გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზვის ნაწილების მილიტარიზაციის შესახებ რეზოლუცია, რომლის მთავარ სპონსორებს შორის საქართველოა და რომელიც მოუწოდებს რუსეთს, საოკუპაციო შეიარღებული ძალების დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო გაყვანისკენ“, – წერს გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ გაერო-ს რეზოლუციას „რუსეთზე მზარდი სამართლებრივი ზეწოლის ახალი ელემენტი“ უწოდა.
#UNGA adopted Res on Militarization of Autonomous Rep. of #Crimea & city of Sevastopol #Ukraine🇺🇦 as well as parts of the Black Sea & the Sea of Azov, w/ #Georgia🇬🇪 among main sponsors - calling 4 immediate, complete, unconditional withdrawal of Russian occupying military forces pic.twitter.com/6ZMYAGXTWl
— Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) December 7, 2020