ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძართან დაპირისპირება იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძრის შესასვლელთან სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას ათამდე პირი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფაქტს წინ უძღოდა ტაძარში შესვლის მცდელობა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილთა შორის არის ეკლესიიდან ეპარქიის მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ბერი მარკოზი.

ტაძრის შესასვლელთან შეკრებილი მხარდამჭერები ადგილზე შეკრებას ყოველდღიურად გეგმავენ. ისინი მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას, მამათა მონასტრიდან გააძევოს სასულიერო პირები, უსამართლოს უწოდებენ.

სალხინოს ტაძრის შესასვლელთან მივიდა განკვეთილი არქიმანდრიტი ათინოგენიც. მისი თქმით, ყველა ქართველი, ყველა მართლმადიდებელი, ვისაც თავისუფლება და ქრისტიანობა უნდა, იქ უნდა იდგეს, დღეს კი სალხინოს ტაძარში, სადაც ეპისკოპოსი სტეფანე ატარებდა წირვა-ლოცვას, მისი მომხრე, ჩამოყვანილი მრევლი ესწრებოდა, ადგილობრივები კი არ შეუშვეს და დააკავეს.

შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.